თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე მისვლას აპირებს.
"რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე, მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე, რამდენიმე დღე დამჭირდება აზრზე მოსასვლელად. რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა, სხვებს დაველაპარაკო და შემდეგ ვიტყვი, ჩემი აზრით რა იქნება სწორი", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, შეხვედრები უკვე დაგეგმილი აქვს ოპოზიციურ სპექტრთან, პარტიებთან, ასევე აქტივისტებთანაც.
ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს - მოსამართლემ ჯაფარიძისთვის მანამდე შეფარდებული 20.000-ლარიანი გირაო, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, პატიმრობით შეცვალა.
პროკურატურამ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მან უარი თქვა აპრილში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.