თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. 16 სექტემბერს პროკურატურამ ვიბლიანს ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო. ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.
მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა განმარტა, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულის სინანული, დანაშაულის აღიარება და მისი არასრულწლოვანი შვილები.
ვიდეო, თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად 14 წლის არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
მკლავჭიდელს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.