საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას თებერვალში განაახლებს.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომის ფორმატში დაიხურა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს სახელმწიფო ჰიმნით იხურება.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სესიის ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და რამდენიმე მიღებული კანონის პროექტი შეაფასა.
"ჩვენ ამ წელს, როგორც სახელმწიფო, ვასრულებთ გამარჯვებული იმ მხრივ, რომ გვაქვს რეგიონისთვის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. პირველად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10 ათასს დოლარს გადააჭარბებს. პირველად ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს გადააჭარბებს. ჩვენ ამ შედეგებით გამორჩეული ვართ, როგორც რეგიონში, ასევე კანდიდატ ქვეყნებს შორის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.