თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებში გასაკვირი არაფერია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ესწრებოდა ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს არსებობდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი.
„მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის. მხედველობაში მაქვს საქართველოს ხელისუფლება და ის ადამიანები, ვინც ენდობოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, გვერდში დაუდგნენ. ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად. ჩვენთან მიმართებითაც, კულუარულად, ჩვენ იძულებული ვიყავით, ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა და ჩვენი საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, რას ითხოვდნენ ჩვენგან. ანალოგიური მოთხოვნა იყო უკრაინასთან მიმართებითაც“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ერთია, რასაც საჯაროდ აცხადებენ და მეორეა – რას ითხოვენ კულუარულად.
საქართველო და ნატო
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.
2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს. ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბუქარესტის სამიტის გზავნილისადმი ერთგულებას აცხადებდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა შესუსტდა.
2024 წლის 9-11 ივლისის ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.