თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 და 31 წლის მამაკაცებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "კოკაინი", "მდმა", "კლეფედრონი", მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.