რამდენმა პირმა ისარგებლა სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით? კალაძის განმარტება

დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება, ხოლო მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში წელს 900-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერიამ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელება 2023 წლის სექტემბერში დაიწყო – მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს აფინანსებს.
„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ყველა იმ დაპირების აღსრულებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია მომსახურების მისაღებად მატერიალიზებულ ვაუჩერს/თანხმობის წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 ათას ლარს. პაციენტის თანაგადახდა ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება.
პროგრამით სარგებლობისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევებისა და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
სამედიცინო დაწესებულებიდან მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი);
თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დაფინანსების შესახებ ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს.
მსოფლიო მასშტაბით სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა.