თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" ახალი რედაქცია მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
განახლებული კანონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
ასევე, იცვლება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-უპარტიო კანდიდატს წარადგენს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.
ამასთან, მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი.
ახალი წესის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.
ახალი კანონის თანახმად, ზუსტდება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა, რომლის თანახმად, ნასამართლობის მქონე პირი, მათ შორის, სასამართლოს მიერ ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი. ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. კერძოდ, საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება აიკრძალება.
კანონის ახალი რედაქციით, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები: საარჩევნო უბნიდან გაძევებულ პირს აეკრძალება სხვა საარჩევნო უბანში შესვლა.
კანონის ძალაში შესვლამდე მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.