დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი: რას მოხმარდება თანხები

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა 2,2 მლრდ დოლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისათვის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა 2,2 მლრდ დოლარს შეადგენს.
„აღნიშნული დოკუმენტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის", - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი 219 მლნ ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით და 110 მლნ ლარით აღემატება პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.
ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
საკუთარი შემოსულობები – დაახლოებით 1,5 მლრდ ლარი;
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 მლნ ლარი;
სხვა კაპიტალური გრანტები, სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით – 25, 54 მლნ ლარი;
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4, 6 მლნ ლარი.
რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, კალაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობიდან თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებისკენ იქნება მიმართული.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით - 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 573 მლნ ლარი და იგი 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით - დაგეგმილია 602 მლნ ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით 67 მლნ ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 27 %-ს შეადგენს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 მლნ ლარის დონორული დაფინანსება.
„2026 წელს იწყება და გრძელდება ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, მათ შორის: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა; სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზა; რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია; ახალი ხიდების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და ა.შ.“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა რაიონული დაფინანსების ნაწილზეც და აღნიშნა, რომ დაფინანსება იზრდება ყველა რაიონში. კერძოდ, ამ მიმართულებით გამოყოფილია 298 მლნ ლარი.