წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე-რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სადღესასწაულოდ გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი მკაცრდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.
უწყების ცნობით, წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2 ათას ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
„თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე – ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევეა იმპორტირება.
კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.