მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93.364,35 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის (საერთო წონით 341 გრამამდე ოქროსა და 63 გრამი ვერცხლის) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93.364,35 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი საქართველოსა და უცხოეთის ორი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 25,761 ლარით დაჯარიმდა.