ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას

შემზარავი თავდასხმა კვირას ბონდის სანაპიროზე მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს, ხანუკას აღნიშნავდნენ.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
14 დეკემბერს, სიდნეიში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16-ს მიაღწია, მსხვერპლთა ასაკი 10-დან 87-მდე მერყეობს. შემზარავი თავდასხმა ბონდის სანაპიროზე მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს, ხანუკას აღნიშნავდნენ.
„საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“, – დაწერა ყაველაშვილმა.
ბოლო ინფორმაციით, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. სამართალდამცველების ცნობით, იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ისინი მამა-შვილი არიან, 50 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სროლის შედეგად მოკლეს. 24 წლის მამაკაცი კი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.