საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის რეისი შესრულდა

მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულდა რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო და შიდა რეისი - 35 ათასზე მეტი (18%-იანი ზრდა)
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტმა გადაიყვანა რეკორდული რაოდენობის მგზავრები - 8 მილიონამდე, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასეთია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემები.
2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა მგზავრთნაკადისა და ფრენების რეკორდები დაამყარეს - 7,5 მილიონი მგზავრი და 32.500 შესრულებული რეისი - რაც 24%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
თბილისის აეროპორტი მოემსახურა 4.981.865 მგზავრს (13%-იანი ზრდა), ქუთაისის აეროპორტი - 1.692.513 მგზავრს (ზრდა - 7%), ბათუმის აეროპორტი კი - 1.165.767 (ზრდამ 30% შეადგინა).
მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულდა რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო და შიდა რეისი - 35 ათასზე მეტი (18%-იანი ზრდა). აქედან 26.855 რეგულარული რეისი იყო, ხოლო 8.250 - ჩარტერული.
საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ლიდერობს. ავიაკომპანიას ბაზრის 17%-იანი წილი უჭირავს და 2025 წლის იანვარ-ნოემბერში მან 1.309.716 მგზავრი გადაიყვანა.
საერთაშორისო რეგულარულ და ჩარტერულ რეისებზე მგზავრების რაოდენობის/წილის მხრივ ლიდერობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Wizz Air Hungary - 17%; Georgian Airways - 8%; Pegasus და Turkish Airlines - თითოეული 7%.
გარდა ამისა, საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 33.924.485 ტონა შეადგინა. 2024 წლის პირველ 11 თვესთან შედარებით, ტვირთბრუნვა 49%-ით გაიზარდა.