თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველო მხოლოდ მათთან საუბრობს, ვინც მის ეროვნულ ინტერესებსა და ტერიტორიებს სცემს პატივს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აშხაბადში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობის კომენტირებისას.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე იმყოფებიან თურქმენეთში საერთაშორისო ფორუმზე „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“.
„ვინც მზად არის პატივი სცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ინტერესი არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, ვინც არ სცემს, არ ვესაუბრებით, აღნიშნა მან.
მისი თქმით, ხელისუფლება არ აპირებს აწარმოოს დიალოგი რუსეთთან, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.
„შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
ამჟამად, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს.