ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
"ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ეკონომიკური თანამშრომლობაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული არსებული – დიდი – პოტენციალი", – აღნიშნა კობახიძემ.
ყაზახეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას.
"ჩვენ ძალიან. ვაფასებთ საქართველოს და მას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ, მრავალი მიმართულებით. საქართველო დიდი პერსპექტივების მქონე პარტნიორია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდება სამომავლოდ და ამისთვის გაძლიერდება კომუნიკაცია", – განაცხადა თოყაევმა.
საქართველო და ყაზახეთი
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.