თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლო სოფელი 12 დეკემბერს გაიხსნება და სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, იუწყება თბილისის მერია.
წელს ყველა საახალწლო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, იქვე განთავსდება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ საახალწლო სოფელში გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.
საახალწლო სოფელში განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი, სადაც ბავშვებს სანტასთან ერთად ელფები დახვდებათ.
საახალწლო სოფელი, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.