კალაძე: „კამიტის“ გამოყენების ვარაუდის ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია

სუს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება „კამიტი“ არასდროს შეუძენია, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულთა კატეგორიას
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, არ დაუშვებს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს მიეცეს საშუალება, შეარყიონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
6 დეკემბერს, სუს-მა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC--ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა, გამოძიება დაასრულა. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, არ დაუშვებს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და მათ ადგილობრივ მომსახურე პერსონალს მიეცეს საშუალება, შეარყიონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „კამიტის“ გამოყენების ვარაუდის ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით.
„ყველა პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ძალადობა, რომლის მიზანი საქართველოს სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაზიანებაა.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.