თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. გამოძიებამ დაადასტურა BBC-ის რეპორტაჟის სიცრუე, თითქოსდა პოლიციამ საპროტესტო აქციების წყლის ჭავლით დასაშლელად „კამიტი“ გამოიყენა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ — ასეთი შედეგით დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება.
„ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნივთიერება საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია“, - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, გამოძიებამ ასევე უტყუარად დაადასტურა, რომ გასულ წელს „მოძალადე მომიტინგეების დაშლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია“.
მისი თქმით, ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი იქცა „ხელოვნურ საბაბად პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი, ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ და ცრუ ბრალდებებით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ხელოვნურად აჟიოტაჟი გამოეწვიათ“.
„5 დღის განმავლობაში, საზოგადოება თვალს ადევნებდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაგეგმილ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანება იყო“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური სუბიექტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„ქვეყნის შიგნით ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ „ჩვეული ეჭვმიტანილები“, ანუ უცხოური აგენტურა რადიკალური პარტიების, რადიკალური მედიასაშუალებების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალი პოლიტიკური აქტივისტების სახით“, - აღნიშნა კობახიძემ.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ, შესაძლოა 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები და ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისის შემოგარენში იარაღის სამალავის საქმეზე.