თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 ოქტომბრისთვის, წინასწარი მონაცემებით, 5,8 მილიარდი დოლარი შეადგინა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2025 წლის 30 სექტემბერს მიაღწია და 5,602.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარ-ოქტომბერში რეზერვები 1.367,5 მლნ დოლარით გაიზარდა, ოქტომბერში - 213,2 მილიონი დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, ასევე ოქროს ფასის ზრდას უკავშირდება.
2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 4,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (3,1 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,3 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 472,4 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,6 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 961,8 მლნ ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება შეადგენს „მინუს"916,1 ათას დოლარს.