სოციალური დახმარება 18 წლამდე პირებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 45 ლარით გაიზრდება, დანარჩენი შშმ პირებისთვის - 20 ლარით. პირველი კატეგორიისთვის ფინანსური დახმარება 453 ლარს, სხვა კატეგორიის შშმ პირებისთვის - 215 ლარს შეადგენს.
თბილისის მერიამ განაცხადა, რომ შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს. მალე დედაქალაქში მათთვის სპეციალური ტაქსები გამოჩნდება. თბილისში ბევრ ადგილას უკვე დამონტაჟებულია პანდუსები, დედაქალაქში ავტობუსებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
თუმცა, საქართველოში კვლავ აქტუალურად რჩება შშმ პირთა დასაქმების საკითხი. საჯარო სექტორში დასაქმებული ათიათასობით ადამიანიდან დაახლოებით 60 პირია შუზღუდული შესაძლებლობის. რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ სფეროში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.
აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ეს ყველაზე მწვავე პრობლემაა“. „შშმ პირებისთვის დასაქმების კუთხით დამატებითი ბარიერები არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში. „სახელმწიფო დასაქმების პროგრამები შშმ პირებთან მიმართბით ეფექტურად არ მუშაობს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის ვებგვერდზე.