ქვემო ქართლში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლიდან უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა ხუთ კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის პირველი ხარისხის მორი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებულმა ვიდეოხაფანგმა დააფიქსირა, რასაც სატყეო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გადატანილია დმანისის "საქმიან ეზოში".
რადგან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებას.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში განთავსებულია 750 ფოტოხაფანგი. ტყეზე კონტროლის გაძლიერების მიზნით მონიტორინგი დრონებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.