მსოფლიო დღეს

პუტინი: „ტრამპის გეგმა“ გაიყო ასპექტებად და თითოეული ცალ-ცალკე განიხილება.

გასულ სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში მიიღო ამერიკელი ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც მოსკოვში უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ვაშინგტონის წინადადებები წარადგინა.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. აშშ-მ წარადგინა ე.წ. „ტრამპის გეგმა“ ოთხ ცალკეულ ბლოკად და თითოეულ მათგანზე მოლაპარაკება ცალ-ცალკე შესთავაზა. თავად დოკუმენტი, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დააკონკრეტა, 27 პუნქტს მოიცავს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„ისინი (პუნქტები – Sputnik) განიხილება. მათ (აშშ-მ – Sputnik) 27 პუნქტი ოთხ პაკეტად დაყვეს და ცალ-ცალკე განხილვა შემოგვთავაზეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც ცნობილია, 2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი კრემლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფს, რომელმაც მოსკოვს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ვაშინგტონის წინადადებები წარუდგინა.
ინდურ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის მიერ რუსეთის დედაქალაქში ჩატანილი წინადადებები ეფუძნება შეთანხმებებს, რომლებიც ანკორიჯის სამიტზე მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის იქნა მიღწეული.
„ის, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს, ასე თუ ისე, პრეზიდენტ ტრამპთან ალასკაზე მიღწეულ ჩვენს შეთანხმებებს ეფუძნებოდა“, - თქვა მან.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რომელი წინადადებები აწყობს მოსკოვს, რადგან ნაადრევმა განცხადებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს იმ სამუშაო რეჟიმს, რომლის ორგანიზებასაც ტრამპი ცდილობს.
მან ასევე განაცხადა, რომ ვიტკოფთან განიხილა უკრაინასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებსაც რუსეთი არ ეთანხმება.
„დიახ, ასეთი საკითხები არსებობდა და ჩვენ ისინი განვიხილეთ“, - უპასუხა პუტინმა India Today-ის დასმულ კითხვას.