თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. აშშ-ის ბოლოდროინდელი ნაბიჯები აჩვენებს ვაშინგტონის პრაგმატულ მიდგომას თბილისის მიმართ და ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობით ნორმალიზებას, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მანამდე, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ტუნმა უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის მოთხოვნა MEGOBARI Act-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ჩართვის შესახებ. The Hill-ის ცნობით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა სამი თვის განმავლობაში, როდესაც ტუნმა „მეგობარი აქტის“ NDAA-ში ჩართვის ინიციატივა დაბლოკა.
„მარტივი გასაგებია, რომ „მეგობარი აქტის“ გაცოცხლების კიდევ ერთი მცდელობა იყო. ეს სცენა ისევ იმ ოპერიდან არის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცუდი უნდა ილაპარაკო, რათა დააზიანო. ამას საფუძველი აქვს თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის სპიკერის ნაბიჯი? ეს არის პრაგმატული გამოვლინება“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე დაბრუნება ისე სწრაფად არ ხდება, მაგრამ პრაგმატულ დონეზე ეს ნაბიჯები უკვე არის. მაგალითის სახით მან სწრაფი საკადრო გადაწყვეტილებები და ახალი ელჩის კანდიდატურის შეთანხმება დაასახელა.
„ნაბიჯები იდგმება და ისინი ამ ურთიერთობების პრაგმატულ ჩარჩოში ბრუნდებიან. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორი სამართლიანი, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამავე დროს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პარტია „გირჩის“ ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ MEGOBARI Act-ის თავდაპირველი ვარიანტი შინაარსიანი დოკუმენტი იყო, მაგრამ ის ჩავარდა. კანონის შემდგომ ვერსიებში „არაფერი განსაკუთრებული არ წერია“ და „რომც მიიღონ, ჩემი აზრით, არაფერი შეიცვლება“.
„მაგრამ ის, რომ სამჯერ თუ ოთხჯერ იზეიმა უკვე ხალხმა „მეგობარი აქტის“ მიღება, მეტყველებს, რამდენად არაგულწრფელია ოპოზიციაში ჩემი კოლეგების ნაწილი, რომლებიც ხალხს ეუბნებიან, რომ ეს რაღაც გარდამტეხი მომენტი იქნება, რომ აქტი მნიშვნელოვანია და თითოეულ პატარა ნაბიჯს, როგორც ზეიმს, ისე აფორმებენ. ამიტომ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივანიჭებდი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ სენატმა MEGOBARI Act არ მიიღო და არც მიიღებს.
რა მოხდა MEGOBARI Act-თან დაკავშირებით?
კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელიც „დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“ ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების შემოღებას ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქნა ინიცირებული.
მისი ავტორია ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ცნობილია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით. 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა MEGOBARI Act-ი.
თუმცა, მედიის ცნობით, MEGOBARI Act-ი აშშ-ის სენატში რესპუბლიკელი სენატორ მარკვეინ მალინის ინიციატივით დაიბლოკა. მან და კიდევ რამდენიმე სენატორმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ კანონმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ თანამდებობის პირებს, არამედ ქართველ ხალხს. სანქციების ნაცვლად სენატორებმა წამოაყენეს წინადადება - თბილისს დიალოგისა და პოლიტიკის გადახედვის შანსი მიეცეს.
მედიის ცნობით, აგვისტოს ბოლოს სენატორმა მალინმა ასევე მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ MEGOBARI Act-ი „აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის" (NDAA) პაკეტიდან ამოეღოთ.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
გასულ თვეში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა „საზოგადოებაში იწვევს დაბნეულობას და ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით". მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.