პრეზიდენტმა მთავრობას „დეზინფორმატორების“ წინააღმდეგ ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა

ყაველაშვილის თქმით, ეს ადამიანები საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებენ სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ტელევიზიებით.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს მიდგომა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და უცხოურ სტრუქტურებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდიან, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილმა.
აღნიშნული განცხადება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა, რომელიც ეხებოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
„უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან უცხო ქვეყნებს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ქმედებები გამოძიების საგანი უნდა გახდეს და ამასთან, უნდა დადგეს მასში მონაწილე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „რადიკალური ფრთის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ბრალდებები არაერთხელ უარყვეს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც, პირიქით, აღნიშნეს ქართული მხარის ქმედებების გამჭვირვალობა.
„ეს ადამიანები საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებენ სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ტელევიზიებით. აუცილებელია, რომ ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომ არ ჰქონდეთ უფლება, დეზინფორმაციით იმოქმედონ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო საზოგადოება მოარული ხმებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყაველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „რადიკალებმა" ვერ შეძლეს ვერც ხელისუფლებასა და რუსეთის მთავრობას შორის რაიმე კავშირის, ვერც არჩევნების გაყალბების რაიმე ფაქტების დავ ვერც ეკონომიკურ ან პოლიტიკურ პროცესებში „შავი ხვრელების“ არსებობის დამტკიცება.
„ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გათვითცნობიერებულია ამ ყველაფერში, მაგრამ სახელმწიფო თავის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და გასცეს პასუხი ყველა ამდაგვარ მოვლენას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხიდაშელს „აგენტი“ და სამშობლოს მოღალატე უწოდა და დასძინა, რომ საქართველო ირანთან ნორმალურ ურთიერთობებს ინარჩუნებს, თუმცა, მას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა.
მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, საქართველოს მთავრობა ასევე დაადანაშაულეს რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების დახმარებაში. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.