თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია, რომელიც ოდესღაც მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა, დღეს დეზინფორმაციას ავრცელებს და აშკარა ტყუილს ამბობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის პუბლიკაციასთან დაკავშირებით.
BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
„სამწუხაროდ, „ბიბისი“, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სისულელეს ავრცელებს... „ბიბისის“ ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, დაუშვებელია, რომ საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რითიც ხელმძღვანელობენ ფეიკ-ტელევიზიები საქართველოში.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები - უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილი შეიძლება იკადროს „ბიბისიმ“, რაც არის სამწუხარო და დასანანი. ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფაქტებით მტკიცდება, რომ პუბლიკაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მასალაში ნახსენები ნივთიერებები ჯერ კიდევ 2009 წელს არის შეძენილი და არ შეიცავს იმ კომპონენტს, რომელსაც BBC „კამიტად“ ასაღებს.
კობახიძის განცხადებით, ტელეარხის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია სამართლებრივადაც შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა.
„ბიბისისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია. როდესაც კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შესაძლებელია, სამართლებრივადაც შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, BBC ენდო ადამიანებს, რომლებიც ადრე ავრცელებდნენ სიცრუეს - ამგვარად, ისინი არასანდო წყაროების დონემდე დავიდნენ.
თავისი ვერსიის დასასაბუთებლად, BBC-ის მოჰყავს საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის, უკრაინაში მცხოვრები სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა შერგელაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის სიტყვები.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ BBC-ის სტატია „ადგილობრივი აგენტურის“ წახალისებად და „არაადამიანური რეჟიმის“ იმიჯის შექმნის მცდელობად შეაფასეს.
„იმდენად აშკარაა ეს ტყუილი, შეუძლებელია დაიმალოს ის როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგუიზ შარმანაშვილმა.
BBC-ის მასალის მწვავე კრიტიკით გამოვიდა დეპუტატი ოთარ გრიგოლიაც. მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების რეაქციის სტრუქტურა ნათლად აჩვენებს, რომ საქმე ორკესტრირებულია.
„წინასწარ გაწერილი რეაქციები, ერთნაირი განცხადებები და 9 აპრილის უხეში პარალელები ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული ტყუილი, მცდელობა, უკვე ჩამქრალი პროტესტის მუხტი ხელოვნურად გააცოცხლონ. ყველაფერს აქვს საზღვარი!“, - დაწერა სოციალურ ქსელში გრიგოლია,.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყების შესახემ განცხადება უკვე გაავრცელა.
სუს-მა კი გამოძიება სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 319-ე (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით დაიწყო.