თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, განაცხადა ინდოეთსი ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში 2024 წელს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებას ეხება, გამოძიება დაიწყო.
„ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის ეს სიუჟეტი და სიყალბე სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომლის იარაღად არის გამოყენებული სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნებიც კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებით და ვითარებით, რაც ვიხილეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, თავად მასალაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. კერძოდ, ის სტრუქტურა, თუ როგორ ხდება ცრუ ნარატივის ორგანიზება და გავრცელება.
„პირდაპირ ვხედავთ, ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემები და, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები, როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საერთო ჯამში პროცესი სასარგებლოც კია, რადგან საბოლოო ჯამში ყველა იშიფრება - როგორც აგენტი, ისე მისთვის დავალებების მიმცემებიც.
„დღეს ეს დავინახეთ ზუსტად, სახელებით, გვარებით და სახეებით ვიხილეთ, ვინ არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
გამოძიების დეტალები
BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
თავისი ვერსიის დასასაბუთებლად, BBC-ის მოჰყავს საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის, უკრაინაში მცხოვრები სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა შერგელაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის სიტყვები.
სუს-მა გამოძიება სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 319-ე (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით დაიწყო.
„დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გარდა ამისა, მასალა შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.
გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყების შესახემ განცხადება უკვე გაავრცელა.
2024 წლის პროტესტი
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ამ მოთხოვნას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.