სუს-მა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებას ეხება, გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 319-ე (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით.
დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მეორე მხრივ, მასალა შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.
გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით და შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით დეტალურ, ამომწურავ ინფორმაციას
სუს-ი გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალურ და ყოვლისმომცველ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
თავისი ვერსიის დასასაბუთებლად, BBC-ის მოჰყავს საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის, უკრაინაში მცხოვრები სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა შერგელაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის სიტყვები.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყების შესახემ განცხადება უკვე გაავრცელა.