თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მოვახდინოთ ეკონომიკური გარღვევა, განვვითარდეთ და უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, ამისთვის აუცილებელია ნეიტრალიტეტი, განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა.
დღეს მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გამართა - ყრილობაზე დამტკიცდა გაერთიანების წესდება, აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელი და სხვა სტრუქტურული ერთეულები.
პოლიტიკური საბჭოს წევრებად არჩეული არიან ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი, აღმასრულებელ მდივნად კი აირჩიეს ვახტანგ შაქარიშვილი.
პარტიის ლიდერების განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიზნებია საზოგადოებაში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დაცვა; საერთაშორისოდ აღიარებული მუდმივი ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება და შენარჩუნება; სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება; ქვეყნის ეკონომიური, სოციალური და კულტურული განვითარება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
პარტიის ლიდერის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს ნეიტრალიტეტი არის საქართველოს მომავალი.
„ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მოვახდინოთ ეკონომიკური გარღვევა, განვვითარდეთ და უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, ამისთვის აუცილებელია ნეიტრალიტეტი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ ყველაფრის ფონზე, რაც ვითარდება უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. იმ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აბსურდული ხდება საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციურ დოგმად ჩაწერილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ამასთან, პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, პარტია 2028 საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა დააფუძნა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილი.