„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

„ქართული ოცნებაში“ მიიჩნიათ, რომ ოდესღაც ავტორიტეტული მედიასაშუალებები ახლა არაფორმალური მმართველობის ხელშეწყობის ინსტრუმენტებად იქცნენ.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ბრიტანული მედიაკორპორაცია BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადების თანახმად, გამოყენებული იქნება ყველა შესაძლო სამართლებრივი საშუალება, რათა სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო.
დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რიგი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ე.წ. მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მასალაში გამოთქმული ყველა ვარაუდი ეფუძნება კონკრეტული პირების, მათ შორის, ექიმ ჩახუნაშვილის და მისი მამის გიორგი ჩახუნაშვილის მოსაზრებებს, რომლებიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები არიან.
გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი დაინტერესებული პირების მოსაზრებები, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელ ჟურნალისტთან და ყველა შეკითხვას დეტალურად გაეცა პასუხი.
„ჩვენ დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა - სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია და შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე. სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს", -ნათქვამია განცხადებაში.
მმართველ პარტიაში ასევე გაიხსენეს, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. აღნიშნული მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენდირექტორმა და „ახალი ამბების" აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს.
„ქართული ოცნებაში“ მიიჩნიათ, რომ ოდესღაც ავტორიტეტული მედიასაშუალებები ახლა არაფორმალური მმართველობის ხელშეწყობის ინსტრუმენტებად იქცა.
BBC-ის განცხადება, რომ თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, არა მხოლოდ ტვინის გამორეცხვა, არამედ საზოგადოების სერიოზული შეურაცხყოფაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
BBC-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გაავრცელა, რომლის თანახმად 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად საქართველოს ხელისუფლებამ თითქოსდა „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების ფარგლებში BBC-იმ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ექიმები და ასევე შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
ხელისუფლებამ გამოძიების დასკვნებს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია „ძალადობრივი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე“ რეაგირებისას კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
„ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, ეს საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა. ამავდროულად ეს კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების მასშტაბებს და აბსურდულობას“, - განაცხადა კირცხალიამ.
თავის მხრივ, პარტია „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ВВС დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? BBC-ის რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება.. BBC-ის მიმართ რა რეიტინგი და ნდობაც არსებობს ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს BBC-ის... ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია? ასეთი „ფეიკ-ნიუსების“ პროპაგანდა არსებობს ამერიკაშიც, საქართველოშიც და ყველგან“, - განაცხადა დეპუტატმა.
აშშ-ის პრეზიდენტიც კი თუ ეჭვქვეშ აყენებს BBC-ის ობიექტურობას, მაშინ საქართველოს საზოგადოებასაც აქვს უფლება, ეჭვი შეიტანოს მის ობიექტურობაში.
აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ამ მოთხოვნას კიდევ ორი ​​მოთხოვნა დაემატა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.