თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დაუყონებლივ ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ "ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ შენობას ავარიულობის მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.
"შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კორპუსის ჩანაცვლების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს. ასევე დასრულებულია ექსპერტიზის კვლევა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია და მისი დაუყოვნებელი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჩანაცვლების პროგრამა ორი მიმართულებით ხორციელდება - პირველი, როდესაც მუნიციპალიტეტი უშუალოდ არის თანამონაწილე და მეორე, კერძო ინვესტორი ახორციელებს სამუშაოებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივებთან.
"მოცემულ შემთხვევაში, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც განახორციელებს როგორც ძველი კორპუსის დემონტაჟს, ისე ახალი, თანამედროვე, სტანდარტებს შესაბამისი საცხოვრებელ სახლის მშენებლობას", - განაცხადა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 39 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ბინის ქირით იმ ვადამდე, რაც ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და გარემონტებას დასჭირდება.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.