თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჭავჭავაძის გამზირი N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის, „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება სააგენტოში შესული შეტყობინებების საფუძველზე განახორციელეს.
შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია დატოვოს „ცხელ ხაზზე" – 15 01.