ტაქსის მძღოლები სხვადასხვა ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან

საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე დედაქალაქში ტაქსით მომსახურება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს, დაკისრებული ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
კანონპროექტის ინიციატორთა ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი მასშტაბი შეიძინა. კერძოდ, საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მლნ ლარამდეა.
„ეს ფაქტობრივი მოცემულობა ამყარებს არგუმენტს, რომ ერთჯერადი სამართლებრივი შეღავათი მიზანშეწონილია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით”, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ტაქსის მძღოლები ასევე გათავისუფლდებიან ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან.
ტაქსის რეფორმა
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო და ის სამ ეტაპად განხორციელდა.
პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - A და B.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდნენ А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღეს. ასევე დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია ჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არაა მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარია.