საბურავების, ჯართისა და სხვა მასალების არასწორად განთავსებისთვის ჯარიმები ხუთჯერ გაიზრდება

აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძველი საბურავების, მანქანების, ჯართისა და აალებადი ნივთიერებების განთავსება-რეალიზაციის ახალი წესები ამოქმედდება და სამართალდარღვევებზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის საკრებულომ მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებას ან/და რეალიზაციის ახალი წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ჯერ კიდევ 2024 წელს დაამტკიცა. რეგლამენტი ძალაში 2025 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო, მაგრამ ბიზნესსექტორის მოუმზადებლობის გამო მისი ამოქმედება გადაიდო.
კალაძის განცხადებით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება, დაახლოებით 5-ჯერ გაიზრდება.
„აღნიშნულ საკითხებზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6 ათას ლარამდე, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2,5 ათასიდან 30 ათას ლარამდე“, - განაცხადა კალაძემ.
მერის განმარტებით, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ.
„მიმდინარე წლის დასაწყისში კვლავ დავაანონსეთ, რომ ეს წელი იქნებოდა ბოლო საშეღავათო პერიოდი და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე დავიწყებდით კონტროლს და არასათანადო წესით რეალიზაციის შემთხვევებს უკვე დავაჯარიმებთ“, - აღნიშნა კალაძემ.
წესის ამოქმედებამდე, დავალების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დედაქალაქში განხორციელდა სრული ინვენტარიზაცია რეგულაციას დაქვემდებარებული ტერიტორიების და მეწარმე/სუბიექტების.
კერძოდ, ინსპექციამ 14-ზე მეტი მსხვილი არეალის მესაკუთრეს, რომელთაც თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 ათასამდე მცირე მეწარმე ჰყავთ დასაქმებული და 1,5 ათასზე მეტ საშუალო მეწარმე სუბიექტს პირდაპირი კომუნიკაციით გაუწია კონსულტაცია და გააცნო ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ, ასევე ჩაბარდათ შესაბამისი გაფრთხილების წერილები.
დადგენილებით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარიული დაცვის ზონებში. ასევე, დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა) განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.
აღნიშნული მასალები უნდა ინახებოდეს დახურულ შენობებში, სადაც ბეტონის იატაკი იქნება მოწყობილი.
დღესდღეობით, არაერთი საწყობია საცხოვრებელი შენობების გვერდით არის განთავსებული და საბურავები ხშირად ღია ცის ქვეშ ინახება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ხანძარს იწვევს. ასეთი ხანძარი გარშემომყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან რეზინისა და პლასტმასის წვის დროს ჰაერში ბევრი მავნე ნივთიერება გამოიყოფა.