დასახელდნენ ანდრეი სტენინის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

სადღესასწაულო ცერემონია 18 ნოემბერს მოსკოვში, წითელ მოედანზე, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა მოსკოველი ფოტოხელოსანი ეკატერინა იაკელი.
საერთაშორისო ჟიურიმ მას ერთხმად მიანიჭა კონკურსის მთავარი პრიზი ფოტოსერიისთვის „რუსული ხასიათი: წინააღმდეგობებით სირბილი“ - თემატიკა ომის ვეტერანებს ეხება, რომლებმაც ბრძოლებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმამაცისა და უდრეკი სულის მაგალითს ავლენენ.
„გმირობა არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო ოპერაციების დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვლინდება“, - აცხადებს ეკატერინა იაკელი. „სამწუხაროდ, ბევრი ჯარისკაცისთვის ფრონტის ხაზზე ყოფნა თავის კვალს ტოვებს. დაზიანებებისა და ჭრილობების შემდეგ, ვეტერანებმა, პირდაპირი გაგებით, სიარული უნდა ისწავლონ. სპორტი არა მხოლოდ რეაბილიტაციაში, არამედ სახლში დაბრუნების შემდეგ ახალი „მეს“ პოვნაშიც ეხმარება. სერია გადაღებულია სკოლის „ჩემპიონის გამოწვევის“ დროს, რომელიც ორგანიზებული იყო Орто-Спорт-ის ადაპტური სპორტული ცენტრის მიერ. გმირები არა მხოლოდ ისინი არიან, ვინც ფრონტის ხაზზე სამშობლოს იცავს, არამედ ისინიც, ვინც ძალას პოულობს, რომ იცხოვროს“.
ფოტოსერია წარდგენილი იყო კატეგორიაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“.
ფოტო „რუსული ხასიათი: წინააღმდეგობებით სირბილი“
გრან-პრიზთან ერთად გამოცხადდა 2025 წლის შორტ-ლისტის ყველა მონაწილის საპრიზო ადგილები.
ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბები“ საუკეთესოდ აღიარეს ინდონეზიელი ფოტოხელოვანის რეზა საიფულას (Reza Saifullah) ნამუშევარი „როჰინჯას გადაბრუნებული ნავი". იგი ეძღვნება ლტოლვილებს, რომლებიც გადაბრუნებულ ნავზე მაშველებს ელოდებიან.
ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბები“, სერიებს შორის, პირველი ადგილი მიენიჭა პალესტინელ აბდელრაჰმან ალკალოუთს (Abdelrahman Alkahlout) სერიისთვის „ღაზა: გენოციდის გამოძახილი", რომელიც პალესტინაში მომხდარი საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს.
სპორტულ ნომინაციაში, კატეგორიაში „ცალკეული ფოტო“, პირველი ადგილი დაიკავა ნამუშევარმა „ბოლო სირბილი: ჩემპიონის დაცემა". მისი ავტორია ბანგლადეშელი ს. მ. ალ მუზტაბა როსული (S.M. Al Muztaba Rosul).
ფოტო „ბოლო სირბილი: ჩემპიონის დაცემა"
კონკურსის მონაწილეთა შორის ყველაზე პოპულარულ ნომინაციაში „ჩემი პლანეტა“ საუკეთესო ცალკეულ ნამუშევრად აღიარებულია ფოტოსურათი „ხილის ხეები ტენტის ქვეშ“. მისი ავტორია მენდან ჩჟუ ჩინეთიდან.
ნომინაციაში „ჩემი პლანეტა“ სერიებს შორის საუკეთესო გახდა ბაჰრეინელი მუსტაფა აბდულჰადის (Mustafa AbdulHadi) სერია, რომელშიც ასახულია ერაყში შიიტი-მუსლიმების მიერ აშურას დღისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო პროცესიის მომენტები
ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ საუკეთესოდ აღიარებულია რუსი და მიანმარელი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრები. „მეთევზეთა ოჯახი“ - ასე ჰქვია მიანმარელი ნიეინ ნიეინ ჰტვეს (Nyein Nyein Htwe) ნამუშევარს.
და რუსი რეპორტიორის, პელაგია ტიხონოვას ფოტოსერია „ჩურჩული სიჩუმეში“, რომელიც ნიკოლო-სოლბინსკის მონასტერში მცხოვრები გოგონების ცხოვრებას ასახავს. ავტორი დამთვალიერებელს მოუწოდებს დაფიქრდნენ, როგორ მოქმედებენ რელიგიური ინსტიტუტები ინდივიდუალობის განვითარებაზე და რას ნიშნავს ასეთ გარემოში გაზრდა და სწავლა.
ფოტო „ჩურჩული სიჩუმეში“
ყველაზე ატმოსფერული ფოტოები იყო წარმოდგენილი ნომინაციაში „ხედი ზემოდან. ცალკეული ფოტო“. საპრიზო ადგილი ჟიურიმ მიანიჭა ბრაზილიელ ანსელმო კუნია დუშ სანტუშის (Anselmo Cunha dos Santos) ნამუშევარს „თვითმფრინავი დატბორილი აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე“.
მოსკოვში გამართულმა ცერემონიამ დასაწყისი დაუდო კონკურსის ლაურეატების ფოტონამუშევრების ტრადიციულ საგამოფენო ტურნეს. საერთაშორისო როუდ-შოუმ უკვე დაგეგმა გაჩერებები ეთიოპიაში, სერბეთში და არგენტინაში, მაგრამ მისი გეოგრაფია მომავალში ბევრად უფრო გაფართოვდება.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ, რუსეთის ფედერაციის იუნესკოს საქმეთა კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიზიდვას. ესაა მოედანი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფებისათვის.
კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik (საერთაშორისო), ტელეარხი და პორტალი RT (საერთაშორისო), მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი ამბების სააგენტო ANA (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media Group (SUMG) (ჩინეთი), გაზეთ China Daily -ის ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), ინტერნეტ-პორტალი The Paper (ჩინეთი), მედიაქსელი Al Mayadeen (ლიბანი), საინფორმაციო სააგენტო MEHR (ირანი), საინფორმაციო სააგენტო NAN (ნიგერია),ინტერნეტ-პორტალი Brasil 247 (ბრაზილია), გაზეთი Al Sharq (ყატარი), საინფორმაციო სააგენტო Iraq International News Agency (ერაყი).