პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრალდება ორი ეპიზოდით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - წარედგინა, განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
წარდგენილი ბრალდებებით გახარიას 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისისა ( ე.წ. გავრილოვის ღამის) და ჩორჩანას ეპიზოდებს. კერძოდ, ე. წ. 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის მაისში დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები.
„ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით, დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე, ჩატარდა ასზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის - გიორგი გახარიას ბრალეულობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, „რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას“.
„შედეგად სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, ის ეხება 2019 წლის აგვისტოში ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს მდებარე სოფელ წნელისის მახლობლად დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს გახარიამ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.
გამოძიების ცნობით, საგუშაგოს დადგმა და ამ ფაქტის მედიაში გაშუქება „გამოყენებული იქნა საბაბად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის“.
„აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი გახარიას ბრალდება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.
გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.
20-21 ივნისის მოვლენების დროს გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ სრულად აგებს პასუხს იმ ღამით პოლიციის ქმედებებზე და მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, ამ მოვლენებიდან ორთვენახევრის შემდეგ, 2019 წლის 9 სექტემბერს, გახარია საქართველოს მთავრობის მეთაური გახდა.
მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმის მცდელობის საქმეზე.
შემდეგ გახარიამ შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი ნიშა დაიკავა.
ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მას მოღალატე უწოდა. გარდა ამისა, „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებდა და სახელმწიფოს რეპუტაციას შეგნებულად ძირს უთხრიდა.