თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურიავრცელებს.
სააკაშვილი კლინიკაში 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფებოდა.
„ვინაიდან, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას”, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა.
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილმა ციხეში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, პატიმრობის დანარჩენი დრო მას აქვს გატარებული კლინიკებში: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე - თბილისში კლინიკა „ვივამედში“.
მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა.
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებული საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
2025 წლის ნოემბერში სააკაშვილს წაუყენეს ახალი ბრალდება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების".
პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.