სახელმწიფო შესყიდვებს „ცენტრალური შემსყიდველი ორგანო" ჩაატარებს

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო იქნება დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მასზე გადავა ის ფუნქცია, რასაც ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებული ტენდერების სახით ატარებს.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას, რომელიც ბიუჯეტიდან ცენტრალიზებულ შესყიდვებს განახორციელებს.
ახალი ორგანოს სახელწოდება იქნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც იმოქმედებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების დეტალური პროცედურებისა და პირობების შესაბამისად.
აღნიშნული ორგანოს შექმნა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან იყო განსაზღვრული, თუმცა განახლებული კანონპროექტით, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს სწორედ ეს ორგანო ჩაატარებს.

„ცენტრალური შემსყიდველი ორგანო იქნება დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მასზე გადავა ის ფუნქცია, რასაც ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებული ტენდერების სახით ატარებს. ეს ორგანო დამოუკიდებლად იქნება პასუხისმგებელი კონსოლიდირებულ ტენდერებზე", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ამასთან, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება დამატებით შეიძლება მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციასაც.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის შემდეგ, კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენის საფასური 100 ლარით განისაზღვრება, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი კი ასევე ვალდებული იქნება ცენტრალური შესყიდვების ორგანოს ანგარიშზე გადარიცხოს დადებული შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%.
კონსოლიდირებული ტენდერები ამჟამად ისეთი საქონლისა და მომსახურების მიღების მიზნით ტარდება, რომელიც საჯარო უწყებების მიხედვით იდენტურია, მაგალითად, საწვავის მიწოდების, მობილური სატელეფონო მომსახურების, A4 ქაღალდების, პრინტერების და საოფისე აღჭურვილობის ტენდერები.
კანონპროექტი „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.