რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა: საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა

ოლივიე კურტო საფრანგეთის ელჩად საქართველოში 2025 წლის აგვისტოში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შერაზ გასრი შეცვალა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩის ოლივიე კურტოს „ანტიქართულ და არაკონსტიტუციურ საქმიანობაში“ შემჩნეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრა კითხვებს ბადებს, მსგავსმა კონტაქტებმა, შესაძლოა, დიპლომატის რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩმა დაახლოებით 15 არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა. ღონისძიება არა საელჩოში, არამედ თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაიმართა. შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება.
„საკუთარი რეპუტაციისთვის ჩრდილის მიყენება არ უნდა აწყობდეს ამ ორგანიზაციებთან ასეთი ფარული ურთიერთობით. ვფიქრობ, დანარჩენს ალბათ თავად უფრო მეტს გვეტყვის. ჩვენთვისაც საინტერესოა, რა გახდა იმის საჭიროება, რომ ფარულად ბინაში შეხვედროდა ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ პროცესებში არიან ხშირად მხილებული", - განაცხადა წილოსანმა.
რაც შეეხება ადგილს, ასეთი შეხვედრის საელჩოს ნაცვლად ბინაში ჩატარება კითხვებს ბადებს და „დადებით შთაბეჭდილებას არ ქმნის“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
„რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საჯაროდ. აღნიშნული კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ის ახალი ელჩია, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, იმედს ვიტოვებთ, არ გავა ვენის კონვენციის ფარგლებიდან“, - – აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა დასძინა, რომ საზოგადოება ელჩისაგან და საფრანგეთის საელჩოსგან განმარტებებს ელოდება.
ოლივიე კურტო საქართველოში საფრანგეთის ელჩად 2025 წლის აგვისტოში დაინიშნა, მან შერაზ გასრი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა.
დიპლომატის შეცვლა საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მოხდა - თანამდებობის დატოვებამდე გასრიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „შეწყვიტოს რეპრესიები“ და „გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები“.
საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელი აქტიურად უჭერდა მხარს ოპოზიციას, რისთვისაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გახდა მკაცრი კრიტიკის ობიექტი.
2024 წლის ზაფხულში ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ საქართველოს ბიუჯეტისთვის განკუთვნილი თანხები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს მოხმარდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ საფრანგეთის საელჩო რადიკალური ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დიპლომატს დააკისრა.
ამის პასუხად გასრიმ განაცხადა, რომ პარიზის გადაწყვეტილება დაკავშირებულია ევროსაბჭოს დასკვნასთან, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებული იყო.
2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ზუსტად აწვდიდა საფრანგეთის ელჩი ინფორმაციას თავის მთავრობას საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე.
ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მას გაყალბებული უწოდეს. არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არ მიულოცეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება. ევროკავშირის ქვეყნებიდან მოლოცვა მხოლოდ უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან მოვიდა.