თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერთან პირისპირი შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები 12 ნოემბრიდან მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს 12 ნოემბრიდან ყოველ ოთხშაბათს 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში თბილისის მერიაში ექნება შეხვედრები მოსახლეობასთან.
კალაძის განცხადებით, ამ ინიციატივის გარდა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ყველა სოციალურ პლატფორმაზე მიმდინარეობს.
„ჩვენ ისედაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, ვესაუბრებით თბილისელებს სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, არ გავურბივართ პრობლემებსა და გამოწვევებს. ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროცედურებია ამისთვის მანამდე გასავლელი", – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობით მომდევნო ოთხ წელში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.