თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში, ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად 6,5 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია დაახლოებით 2,5 მლნ ლარს შეადგენს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო.
უწყების ცნობით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 15-მა ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 22 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში.
პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.
სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც განახორციელა. პროგრამის ფარგლებში ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 0,25 ლარად შეისყიდეს და კილოგრამზე 0,1 ლარის სუბსიდია მიიღეს.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.