ურთიერთობის ახალი ფორმატი: კალაძე დედაქალაქის მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს იწყებს

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად კახა კალაძემ დედაქალაქის მერის პოსტი მესამე ვადით დაიკავა
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik.თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 12 ნოემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობასთან რეგულარულ შეხვედრებს დაიწყებს, რაც შესაძლებლობას მისცემს, უფრო მჭიდრო კავშირები დაამყაროს თანაქალაქელებთან, პირადად მოისმინოს მათი მოსაზრებები და წინადადებები და ასევე, ოპერატიულად მოახდინოს არსებულ პრობლემებზე რეაგირება.
31 ოქტომბერს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კალაძემ დეპუტატებს მინისტრთა კაბინეტის წევრთა კანდიდატურები თავად წარუდგინა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ვიცე-მერის თანამდებობა გიორგი ტყემალაძემ დაიკავა, ხოლო მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი, კახა აბულაძე და ანდრია ბასილაია გახდნენ.
12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას", - განაცხადა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მისთვის ემოციური მომენტი იყო, რადგანაც მესამე ვადით დედაქალაქის მერის პოსტის დაკავება დიდ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მისი თქმით, თბილისელების მხარდაჭერა ადასტურებს არჩეული კურსის სისწორეს და იძლევა შესაძლებლობას, გაგრძელდეს დაწყებული რეფორმები, შესრულდეს საარჩევნო დაპირებები და კიდევ უფრო დიდი წვლილი იქნას შეტანილი დედაქალაქის განვითარებაში.
დედაქალაქის მერის თქმით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
კალაძემ თბილისელებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათი მოლოდინების კონკრეტული ქმედებებით გამართლების პირობა დადო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი ქალაქის საკეთილდღეოდ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას, საზოგადოებასთან მუდმივ კონტაქტს შეინარჩუნებენ და მათ საჭიროებებზე რეაგირებას მოახდენენ.
კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების მანძილზე ვგრძნობ თქვენგან - ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია და მოტივაციას მაძლევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იყოს“,- განაცხადა კალაძემ.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მესამე ვადით აირჩია. კალაძემ ამომრჩეველთა 215.083 ხმა მიიღო და არჩევნებში 71,612%-ით გაიმარჯვა.