ბოჭორიშვილი: ევრონესტი ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა“.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით წაიყვანოს ქვეყნის განვითარება, პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. სესიის შემდეგ მიღებულ იქნა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც საპარლამენტო ასამბლეა გმობს „ქართული ოცნების რეჟიმის სისტემატურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე“, ასევე „2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს“ და, შესაბამისად, არ ცნობს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
მისი თქმით, სწორია საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღოს.
„ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ მეზობელ ქვეყნებს ასწავლონ, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, რა სჭირდება, ამ შემთხვევაში, ქართველ ხალხს. ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არცერთ დოკუმენტში არ წერია, რომ ევრონესტი იმისთვის იყო შექმნილი, მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან.
„სამწუხაროა, როგორც განვითარდა მუშაობა. ამ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება არის სწორი. გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად გადააქცია, შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
რა წერია რეზოლუციაში
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო მოვლენებმა აჩვენა „დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში“, ხოლო საპარლამენტო არჩევნები დახასიათებულია როგორც „გაყალბებული“.
დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა გამოიხატება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადებით და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, ასევე უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა აგრძელებს ჩარჩოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მდგრად ჩართულობას დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის შენარჩუნების მიზნით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ნებისმიერი შეჩერების ან გადადების მიუხედავად.
ევრონესტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი“. დოკუმენტის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიატოვა ევროპული ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
ევრონესტი მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, რათა შეაჩერონ იგი სამიზნე ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს ავტორიტარულ რეჟიმამდე დაცემაზე.
ევრონესტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ჩაერთონ მაღალი დონის დიპლომატიურ თანამშრომლობაში წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს ევროკავშირის ძლიერი და მკაფიო რეაგირება საქართველოში დემოკრატიული წესრიგის მიმდინარე დაშლაზე.