თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 233,2 მლნ დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასესხო პროგრამა „საქართველო: სუფთა, ადგილობრივი და თანაბარი წვდომა წყლის რესურსებზე" გამიზნულია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური მიწოდების უზრუნველსაყოფად.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სულ მცირე 100 სოფელში მოხდება წყლის ინფრასტრუქტურის გაფართოება და რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის უწყვეტ მიწოდებას.
„ახალი პროგრამა აგრძელებს ADB-ის წყალმომარაგების მხარდაჭერის ათწლიან გამოცდილებას, რომლის შედეგად საქართველოს უკვე 13 ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს", - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.
პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განვითარების სტრატეგიას „ხედვა 2030“ და მთავრობის ძალისხმევას, აღმოიფხვრას ქალაქებსა და სოფლებს შორის წყლის მიწოდების სერვისების უთანასწორობა.
ის ასევე ხელს შეუწყობს წყალარინების მიმართულებით არსებული დღის წესრიგის განხორციელებას, მათ შორის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას განახლებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ხედვის ფარგლებში, 2030 წლის შემდგომ პერიოდში დამტკიცებისა და განხორციელების მიზნით.
პროგრამა დანერგავს ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების ახალ რეგულაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მდგრად და ეფექტიან საქმიანობას თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით.
გარდა ამისა, ის გაზრდის კლიმატის მიმართ მედეგობას წყლის რესურსების დივერსიფიკაციისა და კლიმატზე მეტად მორგებული, ენერგოეფექტური განაწილების ქსელების დანერგვის გზით.
ის ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების დონის ამაღლებას, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებიც ტრადიციულად პასუხისმგებელნი არიან ოჯახში წყალმომარაგებაზე და ხშირად დიდ დროს ხარჯავენ წყლის მოპოვებასა და შენახვაზე.
შედეგზე ორიენტირებული სესხი, რომელიც ADB-მ პირველად გამოიყენა საქართველოში, ოპტიმალურია სოფლის წყლის პროექტისთვის, რადგან ის მოიცავს ფართო გეოგრაფიულ არეალზე გაშლილ მცირე და განსხვავებული ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
ADB-ის განვითარების პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირი და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.