თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან თევზაძე უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატზე და ტოვებს პარტიას. ამის შესახებ თევზაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე 20 ოქტომბერს განაცხადა. პარტიაში აღნიშნეს, რომ პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
„საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ, ვფიქრობ, მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ. უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას", - დაწერა თევზაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიმართული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ.
ოპოზიციურმა პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა შეწყვიტოს ბოიკოტი და პარლამენტში თავისი ადგილები დაიკავოს. არჩევნების შედეგად, პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა და პარლამენტში იმავე რაოდენობის დეპუტატები შევლენ.
პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.
გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.