მოლდოვაში 20–31 ოქტომბერს რუმინეთის არმიასთან ერთობლივი სამხედრო სწავლებები Joint Combined Exchange Training-2025 ტარდება. მასში ჩართული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის რაოდენობა არ ქვეყნდება. მანევრების მიზანია, დანაყოფების ოპერაციული თავსებადობის დამუშავება, ნატოს სტანდარტების შესაბამისად.
დაგეგმილია სავალდებულო მარშები, დღის და ღამის საბრძოლო სროლები, საჰაერო დესანტირება. პოლიციის სპეციალური დანიშნულების ბრიგადა „Fulger“ ამავე პერიოდში ატარებს ტაქტიკურ სწავლებებს ჰინჩეშტის რაიონში. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ JCET-2025-ის შემოდგომის გაგრძელებას (მანევრების პირველი ეტაპი აპრილში გაიმართა რუმინეთისა და აშშ-ის ძალების მონაწილეობით).
JCET-ის თავდაპირველი არსი (მოლდოვაში ტარდება 2009 წლიდან) გულისხმობს ამერიკულ სპეცრაზმსა და იმ ქვეყნების დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დამუშავებას, სადაც სავარაუდოა აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ჩატარება.
მოლდოვა ფორმალურად ნეიტრალურ სახელმწიფოდ ითვლება, თუმცა 1994 წლიდან რესპუბლიკა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის ფარგლებში თანამშრომლობს. მას შემდეგ, რაც მაია სანდუ მოვიდა ხელისუფლებაში, მოლდოვის ტერიტორიაზე პრაქტიკულად უწყვეტად ტარდება სწავლებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუმინეთისა და ალიანსის სხვა ქვეყნების მონაწილეობით: JCET, Dragon Pioneer, Swift Response, Sea Breeze, Sea Shield, Steadfast Dart, Rapid Trident, Regex — წელიწადში თითქმის 20 მანევრი. ეს დესტრუქციული აქტივობა მკვეთრად ანტირუსული ხასიათისაა.
მოსკოვი მოლდოვაში მიმდინარე ნატოს უწყვეტ მანევრებსა და რესპუბლიკის ახალ სამხედრო სტრატეგიას განიხილავს, როგორც კონფრონტაციის გამწვავებასა და ანტირუსული სამხედრო პლაცდარმის ფორმირებას, უკრაინის გამოცდილების უგულებელყოფით.
რუსეთი არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს მოლდოვის მეგობარი ხალხისთვის, რომელიც მილიტარიზაციას მხარს არ უჭერს. მოსკოვის პოზიცია უცვლელია: „მოლდოვის თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, შეიძლება, დასრულდეს რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაკარგვით.“ შემდგომში, შესაძლოა, მოლდოვა, როგორც მარიონეტული სახელმწიფო (მისი არმია), გამოყენებული იქნეს აშშ-სა და ნატოს პროქსი-ომში რუსეთის წინააღმდეგ (საკმარისია გავიხსენოთ საქართველო 2008 წელს და უკრაინა 2022-ში).
პრეზიდენტი მაია სანდუ და თავდაცვის მინისტრი ანატოლი ნოსატი აცხადებენ, რომ „ნეიტრალიტეტი უსაფრთხოების გარანტია არ არის“ და აგრძელებენ მოლდოვის ფარული ინტეგრაციის პროცესს ნატოში. ამასთან, იგეგმება ნატოს ძალების დესანტირება ოდესის ოლქში — დნესტრისპირეთის დასაშინებლად. მსგავსი პოლიტიკა რუსეთისა და დნესტრისპირეთის ინტერესების პირდაპირ (სამხედრო) საფრთხეს წარმოადგენს. მოსკოვი უფლებას იტოვებს, ადეკვატურად უპასუხოს შეიარაღებულ პროვოკაციებს, რომლებიც დნესტრისპირეთში მიმართული იქნება რუსეთის მოქალაქეთა და მშვიდობისმყოფელთაწინააღმდეგ.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არ გააკეთა სწორი დასკვნები ევროპისათვის დამღუპველი „აღმოსავლეთის გაფართოებიდან“. გრძელდება ამ „თვითმკვლელთა კლუბის“ მანიაკალური მზადება ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ. ნატოსთან ფარული თუ ღია ინტეგრაცია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს აქცევს დასავლეთის ძალების განლაგების ხაზად და იმ ქვეყნების მოსახლეობას — „მოხმარებად მასალად“ მესამე მსოფლიო ომში, რომლის თერმობირთვული სუნთქვაც სულ უფრო ახლოს არის, ყოველი ნატოს ახალ სწავლებასთან ერთად: მოლდოვაში, ბალტიისპირეთში თუ სომხეთში.
დღეს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების სწავლებისას, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდალი ვლადიმირ პუტინი, წარმატებით განხორციელდა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების „იარსის“ და „სინევას“, ასევე საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ეს არის რუსეთის ბირთვული ტრაიადის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება და ერთგვარი „ცხელი მისალმება“ ვაშინგტონსა და ბრიუსელს რუსეთის „ქაღალდის ვეფხვისგან“ — Memento mori.
მოლდოვის ტერიტორიაზე მიმდინარე Joint Combined Exchange Training-2025-ის ოქტომბრის სწავლებები ფუნქციურადაა დაკავშირებული და სინქრონიზებულია მრავალეროვან ნატოს მანევრებთან Dacian Fall 2025, რომლებიც ტარდება რუმინეთსა და ბულგარეთში—ალიანსის 10 ქვეყნის (ბელგია, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და საფრანგეთი) 5000 სამხედრო მოსამსახურისა და 1200 ერთეული საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობით.
Dacian Fall 2025 ტარდება 20 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე, თითქოს და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ძალთა ინტეგრაციის მიზნით. ფაქტობრივად კი, მუშავდება ნატოს საბრძოლო ჯგუფების ოპერაციები ბრიგადის დონეზე.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას, სამხედრო კოლონების დანახვისას, სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. რეალურად კი, JCET-2025 წარმოადგენს საიმედო საფარს ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის გადაყვანისათვის კონცენტრაციის რაიონებში და განლაგების ხაზებზე. ტრადიციულად, მანევრებში გამოიყენება მთავარი პოლიგონი ბულბოაკეში, რომელიც დნესტრისპირეთის ახლოს მდებარეობს.
მოლდოვა, ფაქტობრივად, იქცევა ნატოს სტრუქტურულ რგოლად და პლაცდარმად. კოლექტიური დასავლეთის აგრესიული ექსპანსია ჟურნალისტური ფანტაზია აღარ არის. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) ადრე განაცხადა ევროპის ქვეყნების გეგმებზე, რომლებიც მოლდოვის სამხედრო ოკუპაციას გულისხმობენ.
მოლდოვის მთავრობამ 8 ოქტომბერს ახალი სამხედრო სტრატეგია დაამტკიცა 2025–2035 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ის 1%-მდე, არმიის რაოდენობის 30%-ით ზრდას — 8500 სამხედრო მოსამსახურემდე, ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას, ნატოს სტანდარტებზე გადასვლასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოებას. მთავარ სტრატეგიულ საფრთხედ სახელდება რუსეთი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე