თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე დააკავეს, განაცხადა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს-ბარათების გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464,496 ლარი.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 182-ე მუხლით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.