სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 22-დან 37 წლამდეა, სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.