გზის გადაკეტვის ბრალდებით „ფორმულას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

გუშინ დილიდან სამართალდამცველებმა 18 ოქტომბრის აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვასა და აქციაზე სახის დაფარვას ედავებიან.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ქეთა ციცქიშვილი სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს. გუშინ, 19 ოქტომბერს კიპოლიციამ „ფორმულას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვახო სანაია დააკავა - მას გზის გადაკეტვის ბრალდებით 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
„ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს „მილიციელებმა“. ჰგონიათ ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, - დაწერა ციცქიშვილმა სოციალურ ქსელში.
ციცქიშვილის დაკავებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთ შემთხვევას წარმოადგენს.
„ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, დილიდან სამართალდამცველებმა 18 ოქტომბრის აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვასა და აქციაზე სახის დაფარვას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, მათგან 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა, ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.