პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ ინახავდა ორი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. აღნიშნულმა პირმა ერთ-ერთ დაზარალებულს ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით 4 ათასი ევრო გამოსძალა, თანხის დაუფლების შემდეგ კი ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 20 ოქტომბერს დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა, გამოყენება და გავრცელება) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინება, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.