„ექსტრემისტული დაჯგუფებები ოპონენტები არ არიან“: პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, არსებობენ მექანიზმები, რომლებიც ხელს უშლის კონსტიტუციის დამრღვევ პარტიებს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაში.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ექსტრემისტული დაჯგუფებები არ არიან ოპონენტები არ არიან და მათი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ეს, შესაძლოა, ათამდე პარტიას შეეხოს, რომელთა შორისა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ სარჩელის მთავარი მიზანი „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებაა“.
„ექსტრემისტული დაჯგუფებები ოპონენტები არ არიან, მათი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ, რომ დემოკრატიული პროცესი დემოკრატიის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ არსებობს მექანიზმი, რომ პარტიები, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ, არ იყვნენ პოლიტიკური პროცესის მონაწილე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, არსებობენ მექანიზმები, რომლებიც ხელს უშლის კონსტიტუციის დამრღვევ პარტიებს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაში.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნები არ შეეხოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და მის წევრებს, მათი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ პარლამენტში პარტიის საქმიანობა გავლენას არ ახდენს სარჩელის განხილვაზე. გადაწყვეტილება მხოლოდ პარტიის არაკონსტიტუციური საქმიანობის მასშტაბებსა და იმ საფრთხეზე იქნება დაფუძნებული, რომელსაც იგი კონსტიტუციურ წესრიგს უქმნის.
„მაგალითად, მოლდოვაში აიკრძალა ერთ-ერთი პარტია, რომლის წევრებიც პარლამენტში იყვნენ. ეს საკითხები ერთმანეთთან კავშირში არაა. ჩვენი სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეფუძნება“, - განმარტა მან.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მომავალი სარჩელის ყველა დეტალი, მათ შორის, მოთხოვნები და ფორმატი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ხარვეზები გამოსწორებულია და მხარეების, მასთან დაკავშირებული პირებისა და მათი მემკვიდრეების მიმართ ზომებია გათვალისწინებული.
მთავარი მიზანია დემოკრატიის მტრების პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის თავიდან აცილება და ნებისმიერი გათვალისწინებული მექანიზმი გამოყენებული იქნება მაქსიმალურად ეფექტურად ამ მიზნის მისაღწევად.
პაპუაშვილის თქმით, სარჩელი უკვე მომზადებულია და გადახედვის ბოლო ეტაპზეა. დოკუმენტი საფუძვლიანად იქნება დასაბუთებული და მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს; მისი წარდგენა ამ კვირაში იგეგმება.
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „კონსტიტუციური სასამართლოს შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებები, რომლის თანახმად აკრძალული პარტიების წევრებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ან მაღალი თანამდებობის დაკავება ეკრძალება.
წინასწარი ინფორმაციით, აკრძალვა რამდენიმე ასეულ აქტიურ პოლიტიკოსს შეეხება. ოპოზიციის წარმომადგენლები სარჩელს საქართველოში ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დასაწყისად მიიჩნევენ.