პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის

პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ბინადრობის უფლება მიიღო.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე.
ექს-პრემიერის პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს.
ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების" ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების აღკვეთა", - განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან.
„ჩვენ ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები – მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი - არ ეკუთვნის „ოცნებას" და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს!", - განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, დრო მოვიდა „ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვუპასუხოთ!"
რაც შეეხება პარტიის ლიდერ გიორგი გახარიას, იგი 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ბინადრობის უფლება მიიღო.
გახარიამ ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.